გიორგი მარგველაშვილი – ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები

მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი – „ღირსეული პარტნიორი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მრავალეროვნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში მონაწილე სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

„უკვე მესამე წელია, ამ მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიების, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების ადგილია. ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია. მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი „ღირსეული პარტნიორი“, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. ამიტომ გულითადად მივესალმები ჩვენს გერმანელ, თურქ, ესპანელ, რუმინელ, სლოვენიელ, სომეხ და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში. მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს – რომ ჩვენი საზოგადოებები იყოს დაცული, ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდეში. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ სამსახურისთვის. მადლობას გეუბნებით და მადლობას გეუბნებათ თქვენი ქვეყნების თითოეული მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას შეიძენთ და ბევრი აქედან წავა ერთმანეთის მეგობრად, პირად მეგობრებად, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ვითარდება და იწყება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატო-ს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით – ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას – „ღირსეული პარტნიორი 2017“ მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან