გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ გველოდება გამარჯვება პანკისელებთან, აზერბაიჯანელ, სომხურ თემებთან, ოს მოქალაქეებთან და აფხაზებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის კვირეულის გახსნაზე ერის განვითარების გზაზე ტოლერანტობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია და ხელს გვიწყობს ტოლერანტობის საქმის კეთებაში. სიტყვები, რომლითაც ჩვენ აღვწერთ ამ საქმიანობას, არის ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია. რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან დგას ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული, რომელიც არის კიდეც ჩემი ქვეყანა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვა ინტეგრაციაზე და ტოლერანტობაზე, არ ვსაუბრობთ იმ კალკზე, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ უცხო ლექსიკონიდან, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ თანაცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები თუნდაც ებრაულ თემთან 26 საუკუნის განმავლობაში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფრო აქტიური, უფრო ქმედითი უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ამას დღეს კი არ ვიწყებთ, ჩვენ ვიყურებით უკან ჩემი სამშობლოს დიადი წარუსლიკენ და იქ ვხედავთ, რომ სამშობლოს დიდებას ყველა ერთად ვქმნიდით. როდესაც ეს დიდება იყო ზენიტში, ყველა ეთნოსის წინაპრები, მუსლიმები, მართლმადიდებლები, სხვა კონფესიები, ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნის დიდებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება ბევრი სახელმწიფო დადგა დღეს ტოლერანტობის გზაზე, ბევრ ქვეყანაში ნახავთ ინტეგრაციის პროგრამებს, მაგრამ საქართველოში ეს ქართული იდენტობის სამსახურია.

„ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ თანაარსებობას და მრავალხმოვანებას ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნისას, ვიღაცას ანგარიშს კი არ ვუწევთ, მადლობლები ვართ, რომ ყველანი შემძლე ვართ ძლიერი საქართველოს შექმნის. ასეთია ჩემი ქვეყნის საამაყო და უნიკალური წარსული, ასეთი არის ჩემი ქვეყნის დღევანდელი დღე და ასეთი იქნება მომავალი, რადგან ჩვენ დღეს არ დაგვიწყია. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციების სახელმწიფო და ქვეყანა ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით და გველის გამარჯვებები პანკისელებთან, აზერბაიჯანელ, სომხურ თემთან ერთად, ოს მოქალაქეებთან და აფხაზებთან ერთად, რადგან ასე იმარჯვებდა საქართველო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილი: პარლამენტში შესვლა ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზაა
შემდეგი სტატია„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ – სწავლებაში ქართველებთან ერთად ალიანსის 11 წევრი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ