გიორგი მარგველაშვილი ბრიტანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი მარგველაშვილი ბრიტანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.

ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის, ბავშვებიც არიან. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 59 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ცხენი მანქანას დაეჯახა
შემდეგი სტატიასუს-ი აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად