გიორგი მარგველაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს: თქვენი ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ტურისტების რიცხვი გაიზარდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა ბელორუს კოლეგას და ხალხს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელიც საქართველოში თქვენმა ვიზიტმა შექმნა ქართულ-ბელორუსულ ურთიერთობებში.

თქვენი ვიზიტის შემდეგ საქართველოში გაიხსნა ბელორუსის რესპუბლიკის საელჩო, აქტიურად დაიწყო განვითარება ვაჭრობის სფეროში ურთიერთობებმა, გაიზარდა ტურისტების რიცხვი.

მიხარია, როცა მესმის, რომ ბელარუსი მომავალშიც მზად არის გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან და გამოიყენოს მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ერებში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ბელორუს კოლეგასთან საუბარი წარმოების სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

„ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის ზრდა, ტურისტების რაოდენობის ზრდა, კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობათა გაღრმავება.

დღეს მთავრობის წევრებმა და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც მეტ შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

ნება მომეცით, მადლობა გითხრათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბელარუსი ქართული სახელმწიფოსთვის ახორციელებს და დაგარწმუნოთ, რომ ქართულ-ბელორუსული ურთიერთობები მომავალშიც კიდევ უფრო გაღრმავდება.

გმადლობთ ამ ძალიან საინტერესო და ინტენსიური დიალოგისთვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგს სერიოზული პოტენციალი გააჩნია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესკონფერენციის შემდეგ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიიაპონია შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო
შემდეგი სტატიაბელორუსის პრეზიდენტი: ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას