გიორგი მარგველაშვილი: 21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევათავსოთ და შევახამოთ ერთმანეთთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, 21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევათავსოთ და შევახამოთ ერთმანეთთან. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე “დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე”.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის და ზედამხედველობის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაჯერებეული, გაზიარებული და განმტკიცებული როგორც მთელ საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრსა და თავად შეიარაღებულ ძალებში.
“საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და განმტკიცების თვალსაზრისით. ასევე, ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, რადგან სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი არის ერთ-ერთი შემადგენელი იმ სახელმწიფოებრივი სისტემის აშენებაში, რომელსაც ჩვენ ასე ინტენსიურად ვახორციელებთ. ის შემთხვევები, როდესაც ასეთი საკითხები უგულვებელყოფილია ან მეორე პლანზეა გადატანილი, სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ტრაგიკულ ფურცლებად იწერება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის და ზედამხედველობის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაჯერებეული, გაზიარებული და განმტკიცებული როგორც მთელ საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრსა და თავად შეიარაღებულ ძალებში. 21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევათავსოთ და შევახამოთ ერთმანეთთან. ესენია, ერთი მხრივ, მობილიზებული, მოტივირებული და ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა და განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული საზოგადოების ურყეობის და კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტიების განმტკიცება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს წინ გადადგმული, რის გამოც ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებულია.
“ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ურთულეს ამოცანებს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, გვაქვს ძირითადი კონსტიტუციური ჩარჩო არმიისა და სამოქალაქო სტრუქტურების თანამშრომლობისა და ერთობლივი ფუნქციონირების მიმართულებით. ნება მომეცით, მოგახსენოთ ამ თემის შესახებ: პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლების აღმასრულებელი ნაწილი და კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელიც არის სამოქალაქო პირი და ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმიული ნაბიჯია სწორედ ევროპული ტრადიციის ფარგლებში. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ უნდა ხორციელდებოდეს სკურპულოზული ანალიზი იმისა, რა რის ფარგლებში და რა პოლიტიკით ხორციელდება ჩვენს თავდაცვის უწყებაში, რანაირად ვითარდება საქართველოს შეიარაღებული ძალები და ის პროცესები, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება, რამდენად მოდის თანხვედრაში იმ ძირითად მიზნებთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უსახავს ჩვენს არმიას. კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნდობის ჯგუფი, რომელიც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნაწილია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის აზრით, აღნიშნული სისტემები ნათლად აჩვენებს ჩვენს კონსტიტუციურ არქიტეტქურაში რამდენად დაბალანსებულია, ერთი მხრივ, აღმასრულებელი, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლების როლი.

banner
წინა სტატიაში“პულკოვოს” აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა-რუსული ლაინერის კიდევ ერთი ინციდენტი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის