გიორგი მარგველაშვილი: 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები, საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

როგორც მარგველაშვილმა პრალმანეტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მისი თქმით, არც 2016 წელი იქნება მარტივი გლობალურად, განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

“ჩვენი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე 2016 წელი ჩვენ ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპელობა გაგრძელებაა ჩვენი ისტორიული გზისა. ამ გზას ადგნენ ჩვენი წინამორბედებიც: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინიან“, ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანიას „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა. ამდენად, პროდასავლური საქართველოს მთავარ ამოცანას დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს. მაგრამ, წინსვლის გასაგრძელებლად მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ არა განვლილი, არამედ მიზნის მისაღწევად დარჩენილი გზა. ამ გზის რა მონაკვეთს გავდივართ დღეს? როგორია ქვეყნის დღევანდელი მოცემულობა? დღეს, საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია. ასევე, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში იმყოფება. მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის მაჩვენებლები, ხოლო დასაქმებულთა შორის არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში მომუშავეთა წილი. 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე; დოლარის გამყარება; ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა; რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები – ეს არის ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებთანაც მსოფლიოს, ჩვენი რეგიონის და რა თქმა უნდა, მასთან ერთად საქართველოს ეკონომიკას უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში. ცხადია, რომ არც 2016 წელი იქნება მარტივი გლობალურად, განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის. შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები ნიშნავს უკან დახევას. როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა – “აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე”. ამიტომ, ზემოთაღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებით პრობლემატურია პროცესების ტემპი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება