გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გადაუვადდება თუ არა სასჯელი დეკანოზ გიორგი მამალაძეს – ამ კითხვას პასუხი დღეს სასამართლომ უნდა გასცეს. პროცესი სასჯელის გადავადების საკითხზე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება.

ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.

“გრძელდება გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების განხილვა. აღნიშნული შუამდგომლობა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. როგორც იცით სასამართლო პროცესები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ჩვენ დასკვნით სიტყვებს წარვადგენთ და იმედია, დღესვე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას და გადაავადებს განაჩენის აღსრულებას გიორგი მამალაძის მიმართ,” – აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო ემხრობა მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებას თუ სხვა სახით შეღავათის მიცემას.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის ეკლესია კორონავირუსის გამო საგანგებო ზომებს იღებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი