გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა “მართლაც კრიტიკულია”

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა “მართლაც კრიტიკულია”. ის ამბობს, რომ მსჯავრდებული ადვოკატებთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

“ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება” – ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის თქმითვე, გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსჯავრდებული შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ ომბუდსმენს არ შეხვდება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ნინო ლომჯარია მზადაა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს, “თუმცა შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით”.

გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, “რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე”.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უპასუხეს პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომ ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე ინსპექტორმა გამოიძიოს