გიორგი ლომია – ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე დაელაპარაკოს ლგბტ თემს და ამ თემმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 14:24

გიორგი ლომია – ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე დაელაპარაკოს ლგბტ თემს და ამ თემმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება

ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე დაელაპარაკოს ლგბტ თემს და ამ თემმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ გააღიზიანებს საზოგადოებას, გავაგრძელოთ ურთიერთობა, ერთად თანაცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლომია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის პასუხად საქართველოს პრემიერის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ევროსაბჭოში, როდესაც კითხვაზე, რას აპირებს ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით ივნისში, როგორ აპირებს მათ დაცვას, როდესაც იყო ფაქტი, რომ ჰომოფობიურმა ორგანიზაციებმა არ მისცეს საშუალება მშვიდობიანი აღლუმის ჩატარებას წარსულში, პრემიერმა პასუხი გასცა, რომ ადამიანის უფლებები დაცულია საქართველოში და ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ბატონო პრემიერო, ანტიდისკრიმინაციული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გაღიზიანების გარდა არანაირი სიკეთე არ მოუტანია არავისთვის. რა მივიღეთ ჩვენ ამ კანონის მიღებით, რა შეიცვალა ლგბტ თემისთვის – არაფერი. დღესაც მუდამ გვესმის მათი მხრიდან ჩივილი შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას სადღაც სცემეს, ვიღაც სამსახურში არ მიიღეს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობის დანახვასაც ცდილობს ლგბტ თემი, რადგან ბევრ დაწესებულებაში მუშაობს ლგბტ თემის წარმომადგენლობა და მათთან დაპირისპირებაში არავინ შედის.

„რაც შეეხება მათ დაცვას ივნისში, თუ ამას გეგმავს ხელისუფლება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არასწორია, ბატონებო, რადგან პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, საზოგადოების მშვიდობის გარანტი უნდა იყოს და არ უნდა ამბობდეს, რომ საზოგადოების უმცირესობას დაიცავს, საზოგადოების უმრავლესობისგან. თქვენ რომ გამოყვანოთ 20 000 პოლიციელი და ჯარისკაცი დასაცავად, რა გამოდის, რომ უპირისპირდებით მეორე ნაწილს, საზოგადოების უმრავლესობის ნაწილს. რატომ უპირისპირდებით – თქვენ ხომ გესმით, რომ დღეს გეი აღლუმი და პრაიდი აღიზიანებს ჩვენს საზოგადოებას. ნუ ცდილობთ, ძალით გარდატეხა მოახდინოთ უმრავლესობის ტვინებში, რისთვისაც დღეს საზოგადოება არ არის მზად. შეიძლება, ოდესმე მზად იქნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ნორმად მივიღოთ გეი აღლუმის ჩატარება. შეიძლება, გავიდეს დრო და ეს ნორმა გახდეს, თუმცა არ ვიცი, შეიძლება არც გახდეს, მაგრამ დღეს რომ არ არის, ეს ხომ ფაქტია“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ არსებობს ლგბტ საზოგადოება და უნდა არსებობდეს.

„დაპირისპირებაში ნუ მოიყვანთ საზოგადოების ორ ნაწილს. იქნებ, დაელაპარაკოთ ლგბტ თემს და აუხსნათ მათ, რომ არავინ არაფერს არ ერჩის. ერთიანი საზოგადოება უნდა იყოს საქართველოში და მოდით, რაც აღიზიანებს უმრავლესობას, იმას ნუ გააკეთებთ, რადგან პრინციპული საკითხია ეს თქვენთვის და ბევრ ადამიანს უბრალოდ გულს ტკენთ. რატომ აკეთებთ, ეს არ მესმის, ძალით რატომ აღიზიანებთ და რატომ ცდილობთ, რომ დაპირისპირებაში შეხვიდეთ უმრავლესობასთან. ვის რა გინდათ, რომ დაუმტკიცოთ. ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი გაიგო, ისეთი ბნელები არა ვართ, დამიჯერეთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს, რომ არსებობს ლგბტ საზოგადოება და უნდა არსებობდეს. რადგან ასეთი ადამიანები არიან, კი ბატონო, უნდა არსებობდნენ. ჩვენთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთს კი არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ. ამიტომ, ძალიან ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე იქნებ დაელაპარაკოს ლგბტ თემს და ლგბტ თემმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელიც განხეთქილებას არ შემოიტანს საზოგადოებაში, გადაწყვეტილება, რომელიც არ გააღიზიანებს საზოგადოებას და გავაგრძელოთ ერთად ურთიერთობა, ერთად თანაცხოვრება“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 14:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics