გიორგი კვირიკაშვილმა ვოლოდიმირ გროისმანს უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ გროისმანს უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი მიულოცა.

“ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მოგილოცოთ უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი და თქვენს ქვეყანასა და მოძმე უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ყოველივე საუკეთესო.დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. მზად ვართ, ყველა დონეზე აქტიურად ვითანამშრომლოთ უკრაინელ კოლეგებთან, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების გამოცდილება და გავაღრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება ორმხრივი უმაღლესი დონის ვიზიტებითაც”,-ნათქვამია საქართველოს პრემიერის მისალოც წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

“გულწრფელად მჯერა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს, მოკლე დროში გადალახოს ისტორიის ეს ურთულესი ეტაპი და წარმატებით განაგრძოს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ევროინტეგრაციისა და ეკონომიკური აღმშენებლობის გზაზე. მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით”,-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„საქართველოს ფოსტა“ პოლიტიკურ პარტიებს ფასდაკლებას სთავაზობს