გიორგი კვირიკაშვილმა ხობში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ხობში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

პრემიერის თქმით, ხობს ახალი მაჟორიტარობის კანდიდატი – ირაკლი ბერაია ეყოლება.

“მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გამცნოთ გარკვეული ცვლილება მოხდა. გოდერძი ბუკიამ, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, გუნდის წევრი, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან იგი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, და ვინაიდან ეს უკავშირდება სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ჩართულობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, თავი შეეკავებინა მაჟორიტარული არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, იგი რჩება ჩვენი გუნდის მხარდამჭერად და მისი აქ ყოფნაც ამის დასტურია. ეს იყო მისი ღირსეული გადაწყვეტილება უმაღლესი ეთიკური ნორმებით ნაკარნახევი და მინდა მას წარმატება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი, ძალიან ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდა კაცი, ამ მხარის მკვიდრი, და კაცი, რომელიც მართლაც იქნება ძალიან ღირსეული წარმომადგენელი თქვენი, საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს გახლავთ ირაკლი ბერაია.

“მე ნამდვილად მშურს, ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ საქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი. ირაკლის თითქმის 10 წელია ვიცნობ, იგი მუშაობდა საბანკო სექტორში, და ძალიან გამორჩეული თანამშრომელი იყო. ყოველთვის იყო ლიდერი იქ, სადაც მუშაობდა და შეუცვლელი. ის არის ძალიან გულისხმიერი ადამიანი, და გულისხმიერებაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა მაჟორიტარისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო მას”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის შემდეგ, ხობის მოსახლეობას “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმაც მიმართა.

“მოგესალმებით, ძვირფასო ხობელებო. ძვირფასო ზუგდიდელებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგენა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს კახი კალაძეს და მთელ მმართველ გუნდს. მეძლევა შესაძლებლობა, ვიყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება. დეპუტატობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვემსახურო მშობლიურ მხარეს, საზოგადოებას, რომელიც ძალიან ძვირფასი და ღირებულია”, – განაცხადა ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ციხეებიდან 34 ათასი პატიმარი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიააფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მთიან ყარაბაღს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცეს