გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სთხოვა, მაქსიმალურად დაინტერესდეს ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობით. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია საგანგაშო იყო.
„აუცილებლად მინდა შევეხო სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას. ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა. სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით.
ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ – საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია და განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური გაძლიერებული ყურადღება“, – აღნიშნა პრემიერმა.
„მივესალმებით, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები.
მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით.
ნამდვილად, სახალხო დამცველს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმოვისმინე უამრავი აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე
შემდეგი სტატიაშშმ პირთა საკურორტო პროგრამაში თანხის შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს