გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ცოტა ხნის წინ, ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.

პრემიერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.
რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ,  რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ყველას ტრაგედია.

“ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა. თარიღის აღსანიშვნავად ძმათა სასაფლაოზე დილიდან მიდიან პოლიტიკოსები და გარდაცვლილთა ახლობლები.

2008 წლის 7-8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მობილიზებული რუსული სამხედრო დანაყოფებისა და ოსი სეპარატისტების პროვოკაციები ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა – აქედან ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველმა აგვისტოს ომის შედეგები შეაჯამა
შემდეგი სტატიაგანმუხურში, სადაც „ჯემ ფესტი“ მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს