გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია

გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

დიდი მადლობა, უმაღლესო წარმომადგენელო მოგერინი! ძვირფასო ფედერიკა, მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისთვის და ამ დილით პოზიტიური და პროდუქტიული დისკუსიისთვის ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ფართომასშტაბიან და ამბიციურ დღის წესრიგთან დაკავშირებით. ორივე მხარე აღიარებს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ შეინიშნება უდიდესი პროგრესი. მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შედეგები – პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. ნოემბერში ჩვენ მივიღეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი პრიორიტეტების გრძელი სიით, რომელიც 2020 წლის ჩათვლით უზრუნველყოფს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. საქართველო ახორციელებს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს მისცა ახალი შესაძლებლობები. დღეს ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.

ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციას, რომელიც ასევე იზრდება: შარშან კომისიამ აგვინთო მწვანე შუქი ქართული თაფლისა და შავი ზღვის თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვავითარებთ ჩვენი ინსტიტუტების თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ვამკვიდრებთ ევროპულ პრაქტიკას სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის უწყებებსა და პროგრამებში ინტეგრაციის გზით. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გაწევრიანება ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობაში არის ევროკავშირთან ურთიერთქმედების მიღწევის კარგი მაგალითი. ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ. ჩვენ ეტაპობრივად ვაღრმავებთ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც აღინიშნა საქართველოს შესვლით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მისაღწევად. თბილისში შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც სექტემბერში კარს გაუღებს სტუდენტებს ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან. მადლობას მოვახსენებთ ევროკავშირს ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ვაფასებთ დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2017-2020 წლებში საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილია 450 მილიონი ევრო. ჩვენ მადლობელნი ვართ, ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დღესაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა სოფლის განვითარების კუთხით, ხდება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და „ნოუ-ჰაუს“ გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორში. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა. და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს. ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი: ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი, ძალიან ინტენსიური და ძალიან პოზიტიური შეხვედრა და, როგორც ყოველთვის, სასიამოვნო იყო ჩვენთვის თქვენი ბრიუსელში მასპინძლობა გიორგი, ძალიან წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რომელშიც თქვენ პირადად და თქვენმა ქვეყანამ ძალინ დიდი წვლილი შეიტანეთ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. ჩვენი ურთიერთობები საუკეთესოა და ჩვენი პარტნიორობა უნაკლოდ კარგად მუშაობს. დღეს ჩვენ შევაფასეთ ფაქტი, რომ ჩვენი ბოლო წლების მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგი მოგვიტანა. ნამდვილად, ძალიან ინტენსიური მეგობრობის რამდენიმე წელი იყო, ჩვენი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლით, თავისუფალი სავაჭრო ზონით დაწყებული და ვიზალიბერალიზაციით გაგრძელებული. მახსენდება გასული წელი, როდესაც აქ ვიდექით და ვიმედოვნებდით ამის მიღწევას და დღეს ნათლად ვხედავთ უამრავ შესაძლებლობას, რომელიც გაიხსნა ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის.

ჩვენ გამოვიკვლიეთ გზები, რომლებითაც სრულად შევისწავლით ამ პოტენციალს. ამ მიღწევებს ნამდვილად მივიტანთ როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებამდე და მათ მოლოდინებს გავამართლებთ. ჩვენ დღეს განვიხილეთ რიგი კონკრეტული იდეებისა და მინდა მკაფიოდ ავღნიშნო, რომ ევროკავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს შეისწავლოს ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის სრული პოტენციალი. დღეს, ასევე ერთობლივად განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას მიღწეული პროგრესი და დარჩენილი გამოწვევები. პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენ კოლეგებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან პრემიერ-მინისტრს თან ახლდა დიდი სამთავრობო დელეგაცია და თითოეულ კოლეგასთან მუშაობა არის სასიამოვნო. ჩვენ ვიხილეთ თქვენი სიმტკიცე, თქვენს ქვეყანაში რეფორმებზე მუშაობისას, რეფორმებზე, რომლებიც სრულად უნდა იქნას განხორციელებული. როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი. ჩვენ განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, ასევე ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომელიც იყო კონკურენტული და ვიხილეთ, რომ დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. შევთანხმდით ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის პატივისცემის და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე – ევროკავშირი ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ამ მიმართულებით. ასევე, გარწმუნებთ ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ მხარდაჭერაში. რაც შეეხება ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებას მშვიდობის, უსაფრთხოებასა და კონფლიქტის გადაწყვეტის მხრივ, ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, ჟენევის საერთაშორისო განხილვებში ჩვენი თანათავმჯდომარეობითა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიით. ჩვენ, პრემიერ-მინისტრთან ერთად შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ერთობლივი მცდელობა, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოვიცვათ მოსახლეობა, საზოგადოების ყველა სექტორი. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი ჩვენს შეხვედრაზე და პლენარულ სხდომაზე და კიდევ ერთხელ ვაფასებ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, შეგიძლიათ ამ კუთხითაც გქონდეთ ჩვენი იმედი. ბატონო პრემიერო, ვიდრე სიტყვას გადმოგცემდეთ, მინდა სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აღვნიშნო, რომელიც ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს. ბოლოს, როდესაც შევხვდით ასოცირების საბჭოზე, ჯერ კიდევ ვიმედოვნებდით, რომ საქართველო მიაღწევდა ვიზალიბერალიზაციას, სინამდვილეში ეს უფრო მეტი იყო ვიდრე იმედი, რადგან ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამისთვის და მივაღწიეთ კიდეც შედეგს. ამჟამად 170 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. ჩვენს შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებაც ასევე კარგად მიმდინარეობს, როგორც ეს დეკემბერში ევროკომისიამ აღნიშნა და მე თქვენგან გავიგე, რომ თქვენი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ საუკეთესო კუთხით იმუშაოს, რათა უპასუხოთ ყველა გამოწვევას ერთად რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენს ხალხებს შორის ახლო კონტაქტით, რაც მნიშვნელოვანია. შესაძლებლობები იხსნება ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის, როდესაც ჩვენი ხალხი ერთმანეთს ხვდება, ჩვენი ეკონომიკებისთვის, ტურიზმისთვის ერთმანეთის კიდევ უფრო ახლოს გაცნობისთვის, რაც მნიშვნელოვანია ევროპელებისათვის, ეს სიმართლეა. მეორე, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ვიხილეთ, რომ მეტი ქართული პროდუქტი გაიყიდა ევროკავშირში და მეტი პროდუქტით ისარგებლეს ევროკავშირის მოქალაქეებმა.

ჩვენ უკვე ვიყავით საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა 37 პროცენტით. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონას ნამდვილად აქვს დიდი გავლენა და იმ რეფორმების შედეგად რომლებსაც თქვენი მთავრობა აგრძელებს, სარგებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნისა და სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით. მესამე საკითხი, რომელიც უკავშირდება ყველაფერს რაზეც ახლა ვისაუბრე, არის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ერთობლივად მეტს და უფრო მეტს, რომ მოვახდინოთ ჩვენი პარტნიორობის პოზიტიური გავლენის კომუნიკაცია, რაც ნამდვილად მნიშვნლოვანია ჩვენი ხალხისთვის. როგორც ჩვენს შეხვედრაზე გითხარით, ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებ თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ერთობლივი ამბიციური დღის წესრიგის წინ წაწევისთვისთვის შემდგომი წლების განმავლობაში, მათ შორის უფრო ძლიერი და ღრმა თანამშრომლობისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რაც ჩვენ ასევე განვიხილეთ. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს რეგიონულ დინამიკას – საქართველო არის ევროკავშირის ღირებული, ძვირფასი პარტნიორი და გვჯერა, რომ ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, გავაგრძელოთ ჩვენს მეგობრობაში ინვესტირება, რასაც აქამდე წარმატებით ვახორციელებდით.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/577095355968826/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა