გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს მომავალში ლარის გამყარება საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცით მოხდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა ლარზე ზეწოლის შესუსტების მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

როგორც პრემიერმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებასთნ დაკავშირებით, სწორედ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობოდა, რომელიც საგადასახადო რეფორმასთანაა დაკავშირებული.

„ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებასთნ დაკავშირებით, ეყრდნობოდა რამოდენიმე ფაქტორს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და სარეფორმო პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ვინაიდან დაახლოებით 350-დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა. ამ კუთხით ლარზე ზეწოლა შემცირდება. გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგავთ ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გაწერილი ეს იქნება ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და დამატებითი რეისები“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ნებისმიერ პოსტს დაამშვენებდა – მისი კვალიფიკაცია ამის საფუძველს იძლევა
შემდეგი სტატიათურქულმა თვითმფრინავებმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს