გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთის მიმართულებით მგზავრობა, ამ წუთისთვის, მიზანშეწონილი არ არის

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ თურქერთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია იქ სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერის შეფასებით, სამხედრო გადატრიალებები, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რაც შეიძლება ამ სიტუაციიდან საქართველოსთვის მომდინარეობდეს; განიხილეს საზღვრებზე არსებული ვითარება და გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაცია.

“დილამდე დავაკვირდებით ვითარებას. ჯერჯერობით, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილის მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ მოხდება ცვლილება ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე სიტუაცია დასტაბილურდება, და დიდი იმედი გვაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. თურქეთის მიმართულებით მგზავრობა ამ წუთისთვის მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვითარება სტაბილური არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. დილით, სავარაუდოდ კიდევ გვექნება შეხვედრა და, ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, გავაკეთებთ კორექტირებას ამ სიტუაციაში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა, შექმნილ ვითარებაში, ხომ არ არის საფრთხე მოსალოდნელი რუსეთისგან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ წუთას ასეთი საფრთხე არ ჩანს, თუმცა, ყველა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული უნდა იყოს.

“სამწუხარო განცხადებები იყო გუშინ, რაც ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. ვაანალიზებთ სიტუაციას ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც უსაფრთხოების ზომებზე ვიმსჯელეთ, თუმცა, ამ წუთას რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე არ ჩანს. ჩვენ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყველა საზღვართან მიმართებაში და უნდა გვქონდეს გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები ამ სიტუაციაში. ასეა ამჟამად და, უახლოეს მომავალში, ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ასე დარჩება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძე, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ბოლ საპანელო განხილვებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის იმ 30-მდე მონაწილის სამშობლოში დაბრუნების საკითხებს აგვარებს, რომლებმაც, თურქეთში შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლის გავლით, გაფრენა ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიათათურქის აეროპორტში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავი დაეშვა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, საჰაერო მიმოსვლა აღდგება