გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა

მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა სომეხ კოლეგას, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ.

გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, როგორც საქართველო, ისე სომხეთი წელს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

საქართველოს პრემიერი-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსხურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ყურადღება მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. კარენ კარაპეტიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენა.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენ გვაქვს მეტი პოტენციალი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა. დღეს გვექნება სიღრმისეული განხილვები ამ ურთიერთობებზე და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიფილიპ ხაჩიროვი, რომელიც არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მონაწილეა ქართული მხარის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის საკითხზე უმცირესობის რეზოლუციის წინადადებები ქვეყნისთვის თუ მისაღები იქნება, მხარს დავუჭერთ