გიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი

სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების კომენტირებისას, რომ ერევანი საქართეელოსა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლოს შედეგად, გზა არის განადგურებული. მის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

„ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ექმნებათ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით. ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდეს ტვირთების გატარება. ისე რომ, არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს. ამ რეჟიმში გვინდოდა ტვირთების გატარება ისე, რომ არ მიგვეყენებინა დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან.

“ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც 2012 წლამდე იყო მიღებული, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. უნდა ვთქვა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ტერორისტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები 4 ივლისს გამოიტანენ