გიორგი კვირიკაშვილი : “შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს, ომის თავიდან აცილებაა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამბასადორიალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

მან რუსეთთან ურთიერთობის თემაზე ისაუბრა.

“იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია, მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან.

გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად.

ჩვენის მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ დიპლომატებსაც მიმართა.

“მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის თემას, პრემიერის შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური.

“ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს.

მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც ნატოს ვარშავის სამიტზე მივიღეთ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას.

ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად – რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.

თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. NATO-სა “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის.

ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში.

მინდა, ყურადღება გავამახვილო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე საქართველოში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ.

ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი, “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ”, ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის.

მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში, ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები.

ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

საქართველოს პრიორიტეტია, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები. საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გეგეშიძე : საგარეო უწყებამ მიიჩნია, რომ ჩემთან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რატომ ხდება საპროცესო გარიგება იმ ადამიანებთან, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ