გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციას გაუზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, მათ შორის – ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რეგიონულ ორგანიზაციებში; განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე – ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის, მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში იმყოფება. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა
შემდეგი სტატია,,საქართველოს ბანკში” 1აშშ დოლარი 2.490 ლარი ღირს, ,,რესპუბლიკა ბანკში” -2.505