გიორგი კვირიკაშვილი: საშუალო განათლების სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბევრი რამ არის შესაცვლელი საშუალო განათლების სისტემაში, მათ შორის, სასწავლო გეგმებში და სახელმძღვანელოებში.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „გურიანიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილისა და ოქროს მედალოსნებთან შეხვედრის დროს განაცხადა, განათლების სისტემის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

„ეს არის მართლაც რევოლუცური პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში. საუკეთესო ლექციების, საუკეთესო გაკვეთილების ლაივში მოსმენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი სკოლის პირობებში, მაგალითად ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში და ეს იქნება ძალიან კარგი ასევე მასწავლებლების მომზადებისთვის, კონკურენციისთვის და ა.შ მთლიანობაში რომ ვთქვათ, განათლების სისტემა ძალიან სერიოზულ ცვლილებებს გადის და იმედი გვაქვს, ამ ცვლილებების შედეგად, თაობა, რომელიც დაამთავრებს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს იქნება გაცილებით უფრო მომზადებული თანამედროვე ცხოვრებისთვის, იქნება უფრო კონკურენტუნარიანი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პრემიერთან არსებული „განთლების საერთაშორისო ცენტრის“ შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს, საჯარო სექტორისთვის მოსამზადებლად, სასწავლებლად საზღვარგარეთ აგზავნის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მომზადებული თაობა გაძლიერდეს და შეიქმნას ადამიანთა გუნდი, რომელიც გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს.

„ეს ყველაფერი ერთად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წინასარჩევნო პერიოდში, როდესაც ემოციები მატულობს, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება კარგია.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ტრადიციად იქვა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა ერთმანეთს ებრძვის, შეურაცხყოფას აყენებს. სჯობს, ეს ტრადიცია დავამთავროთ და ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: კალაძეს კორცხელის ინციდენტთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არც აქვს და არც მომავალში ექნება
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურებას უაკავშირებს