გიორგი კვირიკაშვილი: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, იმის საფუძველი, რომ მნიშვნელოვანი გაუფასურება მოხდეს, არ არსებობს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამის საფუძველს აძლევს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები, რომელიც პოზიტიურია.

“ყველა ის ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე ზემოქმედებს, ამოწურულია. არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები, რომელიც დღეს ამოწურულია. მაგალითად, ერთ-ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რომლის დროსაც, საჭირო გახდა დამატებითი ვალუტის შეძენა. ასევე იყო სხვა ფაქტორებიც. ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში მნიშვნელოვანი გაუფასურებები ხდებოდა, ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაიაფება იმპორტირებული საქონლის. მივიღეთ ასევე ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ლარზე ზემოქმედების ფაქტორები ამოწურულია.

“ჩემი მოლოდინები არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ვალუტა შემოვა ქვეყანაში და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, გვქონდეს ლარის გამყარებაც. ამიტომ, არ ველოდები ლარის დევალვაციას. ეს არის ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობილი, რასაც მე ვამბობ”, – განაცხადა პრემიერმა.