გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა მიესალმება კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი დიდია, რასაც ხელს შეუწყობს კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა თბილისში.

საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის საკითხს, ასევე განათლების რეფორმას, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო არენაზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ამ მხრივ ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო წყლის კომპანია K Water-ის ინვესტიციას, რომელიც სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას პარიზში პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც 2012 წელს მიიღო