გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად

საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სატრანზიტო პოტენციალის ასამოქმედებლად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ქსელი.

„სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. საქართველოს რკინიგზა ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის მთავარი მიზნებია სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების ოპტიმიზაცია, საოპერაციო დანახარჯების შემცირება, საოპერაციო უსაფრთხოების სრულყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2019 წელს. ამჟამად, შესრულებულია მთლიანი სამუშაოების 40%“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი.

„დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 70%. პრაქტიკულად დასრულებულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და არსებული ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. მატარებლის შემოსვლა ჩინეთიდან საქართველოში ხდება მხოლოდ 9 დღეში. საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად. უკვე დადებულია ხელშეკრულებები საქართველოს გავლით რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე ჩინეთიდან ბელგიასა და გერმანიაში და ამ ქვეყნების სია კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული მემორანდუმი მიუღებელია
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს