გიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია

წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ნატო-სკენ საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.

ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილის, აშიშ კუმარ სენის სტატიაშია აღნიშნული. ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდეზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ინტერვიუში.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„მართალია, არჩევნების მონაწილე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა დასავლეთში შემდგომ ინტეგრაციას“, – აცხადებს კვირიკაშვილი.

როგორც სტატის ავტორი წერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ახლახან ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – 68 პროცენტი ემხრობა ნატო-ში და 71 პროცენტი ევროკავშირში გაწევრებას.

მიუხედავად ამისა, ივნისში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე, იქნება ეს ნატო თუ სხვა რომელიმე სამხედრო ალიანსი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნისა თუ ბლოკის ჯარები“.

ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს საქართველოს მისწრაფებები ნატოსთან დაკავშირებით.

საქართველოს გზაზე ნატო-ს წევრობისკენ არც თუ ისე მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგანაც ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გამოთქვამს შიშს, რომ ასეთი გადაწყვეტილება გააღიზიანებს რუსეთს.

საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებით რუსეთის ფაქტორის შესახებ კითხვას კვირიკაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასება იქნება ძლიერი გზავნილი, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია გავლენის სფეროთა აღორძინება და სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის არჩევნის შეზღუდვის მცდელობები“.

კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესება. მან განაცხადა, რომ „ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას“.

„გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს“, – დაამატა მან. აქ ლაპარაკია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ოკუპირებულ რეგიონებზე. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე რეგიონთან გააფორმა შეთანხმებები, რომელთა ძალითაც მოსკოვმა მოიპოვა კონტროლი მათ თავდაცვის სფეროსა და საზღვრებზე.

სექტემბერში იოჰანეს ჰანმა (ევროკომისარი გაფართოების საკითხებში) განუცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი წელს გადაწყდება.

კითხვაზე, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, პრემიერ-მინსტრი პასუხბს:

„ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ის არის, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, რომელშიც ჩვენ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით. ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ მომავალშიც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საქართველოს მშენებლობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამ ტრაგედიის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ . 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც გამიზნულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ამიტომ ვუთმობთ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ქართველის კეთილდღეობა“.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსმა საქართველოს სასწავლო წლის დაწყება ნარმანიას სოფლიდან მიულოცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე