გიორგი კვირიკაშვილი : “რთველი 2016” ძალიან წარმატებული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “რთველი 2016” შეაჯამა და აღნიშნა, რომ რთველი ძალიან წარმატებული იყო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, წელს რთველის მიმდინარეობაში 178-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

“კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაჭა-ლეჩხუმში 24-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში ორ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ორივე რეგიონში 2016 წელს ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირების და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა სწორი სტიმულირება მეღვინეობა-მევენახოების მიმართულების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ვენახების ფართობი, ყურადღება ექცევა სწორი მიმართულებით განვითარებას.

„მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების მასშტაბით, ექსპორტს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ძალიან მახარებს ის, რომ უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან იკრებს თანდათან ძალას და ევროპის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი, სადაც უკვე მიღწეული სავაჭრო შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება. რაც ძალიან მახარებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დათაშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს წარმატებული რთველისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ლევან დათაშვილს ბრიფინგის გამართვა და საზოგადოებისთვის რთველთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ,,საარჩევნო უბნებზე ბრძოლა მოიტანს შედეგს ,,ოცნებას” უმრავლესობა არ ექნება”
შემდეგი სტატიაკონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების გავლენაზე საუბრობენ