გიორგი კვირიკაშვილი : ქვეყანაში აბსოლუტური თავისუფლებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე 4 წლის წინ და ქვეყანაში აბსოლუტური თავისუფლებაა.

კვირიკაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გასული 4 წლის განმავლობაში გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა ყოველი ნაბიჯი ქვეყნის სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

“2012 წელს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ქართულ პოლიტიკაში. თქვენ ალბათ აკვირდებით როგორი დემოკრატიულობით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა, თუ რა ხდებოდა 4-5 წლის წინ, თუნდაც 2012 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში და როგორ მშვიდობიანად მიმდინარეობს დღეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები არის, მაგრამ, მთლიანობაში, შეიძლება ითქვს, თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული, არამხოლოდ საარჩევნო პროცესში, მთლიანად ქვეყანაში არის კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობა – ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო და ხედავთ ტელევიზიებში რამდენი კრიტიკა ისმის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსი ვართ კრიტიკის, ვიდრე ჩვენი წინამორბედები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში აბსოლუტური თავისუფლებაა. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მიონისტრმა ისაუბრა იმ პროგრამებზე, რაც გასული 4 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში განახორციელა.

“ამ 4 წლის განმავლობაში ძირითად მიმართულებებს მივაქციეთ ყურადღება. ყველაზე მეტი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვაზე და დღეს ადამიანებს აღარ სჭირდებათ საკუთარი ქონების დაგირავება იმისთვის, რომ იმკურნალონ, თუნდაც ძვირაღირებული ოპერაციები გაიკეთონ. ეს არის მართლაცდა დიდი მონაპოვარი.

თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ამდენი დიდი ყურადღება არასდროს ექცეოდა სოფლის მეურნეობას და ადგილობრივ წარმოებას, როგორც ეს არის დღეს. არის უამრავი პროგრამა – სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომლის მიხედვით გამრჯე ადამიანს შეუძლია წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა უზრუნველყოს.

არის სხვადასხვა პროგრამა ინფრასტრუქტურის განვითარების, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვართ კმაყოფილები იმით, რასაც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სიყვარულით იყო ნაკარნახევი და იმ მიზნით, რომ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარობის კანდიდატები ქვემო ქართლში წარადგინა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი : “ქართული ოცნება” სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ცვლის