გიორგი კვირიკაშვილი : პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც საუბარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და სახელმწიფოს რეაგირებაზე ისაუბრა.

ამასთან, მისი თქმით, შექმნილი ვითარება პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს და აბსოლუტურად არამართლზომიერი მოთხოვნები დააყენეს.

„არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ.

საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო.

დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ტენდენცია და საქართველოში ტენდენცია არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა.

banner
წინა სტატიაში“განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია”- ბესელიას პასუხი
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 15 ივნისისთვის გადაიდო