გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, კონტრაქციებისგან თავი შეიკავონ

ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე, ამ კუთხით ჩვენ მზად ვართ მემორანდუმიც შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს, რომ არ ჩავატაროთ კონტრაქციები, ანუ სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლენთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან იყოს აცილებული ემოციები, ეხლა-შემოხლა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჰქონდა საუბარი შს მინისტრთან და არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაციაა.

„ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ინტერესებშიც შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გაამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა. რაც შეეხება შსს-ს დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვუზრუნველყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაცემულია ბრძანება, არჩევნების პერიოდში იყოს იმდენი პოლიციელი, რომ თავიდან იყოს აცილებული დაძაბულობა.

აქვე, პრემიერმა პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა გამორიცხა.

„აქ საუბარია ერთადერთი იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა და მაქსიმალურად მშვიდათ მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები, როგორც პირველ, პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდშიც ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებსაც და მხარდაჭერებსაც, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციისგან”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში “ქართული ოცნებაა”
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ”