გიორგი კვირიკაშვილი: მე პირადად, ეს შავი ჯიპები დასანახად მეზარება და არ მიყვარს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.

მთავრობის მეთაური იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საზოგადოების უკმაყოფილებას სახელმწიფო უწყებების საბიუჯეტო ხარჯები იწვევს.

“მთლიანად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. მგონია, რომ დღეს გარკვეული ნაპრალია, თუ გავითვალისწინებთ მთავრობისა და ჩვენი თანამოქალაქეებს ცხოვრების საშუალო დონეს.

ეს გარკვეულწილად გახლავთ იმის მიზეზიც, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების რაოდენობა არ იყოს იმდენი, რამდენიც იყო არჩევნების მოგების შემდეგ. ვფიქრობ, რომ აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. საერთოდ, მე პირადად ეს შავი ჯიპები დასანახად მეზარება და არ მიყვარს. მგონია, რომ ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი. არაერთხელ მისაუბრია თანამოაზრეებთან, რომ ქვეყანაში, სადაც საშუალო, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ არის მაღალი, არ შეიძლება იყოს ამ დონის გარემონტებული ოფისები, თუნდაც. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ როგორც ჩვენს მთავრობამდე, ასევე მას შემდეგ გარემონტებულზე. რაღა დაგიმალოთ, იყო შესაძლებელი თავმდაბალი გადაწყვეტილებები მიღებულიყო.

მე ამას ღიად ვამბობ, ეს გადაწყვეტილება მისაღებია. ანაზღაურებას რაც შეხება, შეიძლება იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც პრემიების ნაწილში გადამეტება იყო. თუმცა ის, რომ უნდა შევამციროთ ხელფასები, არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, ვინაიდან დღეს ჩვენ სამუშაო ძალის კონკურენტულ ბაზარზე ვიმყოფებით. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, ხელფასების ოდენობა შევამცირო. არ მინდა ტყუილი დაპირება გავცე, თუმცა პირიქით, შესაძლებელია ზოგიერთ მიმართულებაში, უფრო მეტი პროფესიონალი დაგვჭირდეს”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს, წარმატებისა და წარუმატებლობის ცხრა წელს უწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები