გიორგი კვირიკაშვილი: ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.

„დღეს 8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.
მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს.

ჩვენ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს მოვლენები აღარ განმეორდეს. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ხსოვნის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მუხათგვერდში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

 

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა
შემდეგი სტატიალევან იზორია: სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს