გიორგი კვირიკაშვილი : მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება მომავალშიც იყოს მთელს მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილი

სამომავლო წინსვლისთვის აუცილებელია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება – როგორ დაიგეგმოს მომდევნო 5 წელი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები; კონკრეტულად რა სახის ზომების მიღებისთვის არიან ქვეყნები მზად, რათა გააფართოონ თვალთახედვა და ღია მონაცემებისა და ღია ბიუჯეტის სფეროებიდან, სექტორებზე დაფუძნებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და მომსახურების მიწოდებაზე გადაინაცვლონ; ასევე, როგორ შეიკრას უკუკავშირის წრე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს.

„საქართველოში, მეორე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულმა საჯარო კონსულტაციებმა კვლავ ცხადყო, რომ საჯარო მომსახურების ხარისხი ბევრად მაღალია, როცა ჩვენს მოქალაქეებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროექტი სახელწოდებით „მომხმარებლის ხმა“, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას მოქალაქეებთან იუსტიციის სახლებში მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა მოქალაქეს მივაწვდით ინფორმაციას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ვგეგმავთ მათი შენიშვნებისა და წინადადებების საპასუხოდ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის მიღწევებსა და სტრატეგიულ გეგმებს კარგად აცნობიერებენ ისინი, ვინც იცნობს პარტნიორობის საქმიანობას, მაგრამ ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის დღესაც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი.

მისივე თქმით, ამ გამოწვევისთვის საქართველო, როგორც პარტნიორობის თანათავმჯდომარე, მზად არის.

“ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში ღია მმართველობის პარტნიორობის გზავნილის გავრცელება და მიტანა ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობამდე, მომდევნო წლებში უნდა გახდეს ლიდერების პრიორიტეტი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ხელში, რომლითაც ისინი თავიანთი ხელისუფლებისგან მოითხოვენ კიდევ უფრო ღია სტრატეგიებს, რომლებიც მათ საჭიროებებს ეხმაურება. მისასალმებელია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობას უკვე 70 ქვეყანა შეუერთდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი პარტნიორობის მე-5 წლისთავზე, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ამბიციები, რათა კიდევ მეტი ქვეყანა ჩაერთოს პარტნიორობაში და ამით გაიზარდოს მისი გავლენა. საქართველო ითანამშრომლებს საფრანგეთთან, რათა ახალ წევრებს განუმარტოს ღია მმართველობის მნიშვნელობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება მომავალშიც იყოს მთელს მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამოქალაქო სივრცე ბევრ ქვეყანაში დაკნინების გზაზეა. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, თავის თავზე აიღონ და შეასრულონ შესაბამისი ამბიციური ვალდებულებები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ამისთვის საკმარისი რესურსები. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ვალდებულებების აღება, მათი წარმატებული განხორციელებისათვის, ყოველთვის საკმარისი არ არის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის მომდევნო სამიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დეკემბერში პარიზში გაიმართება და, რომლის ფარგლებშიც მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები მთელი მსოფლიოდან მხარს დაუჭერენ გრძელვადიან ცვლილებებს.

“ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ღია მმართველობის პარტნიორობის ეს სამიტი ერთმანეთისგან ცოდნის მიღებისა და ახალი დადებითი ცვლილებების გატარების შესაძლებლობად ვაქციოთ, რათა ხელი შევუწყოთ ისეთ კონკრეტულ პოლიტიკურ ზომებს, რომლებიც წვლილს შეიტანს ღია მმართველობის დღის წესრიგის განხორციელებასა და ჩვენი საერთო ამბიციების მასშტაბის გაფართოებაში. ღია მმართველობის პარტნიორობამ გადამწყვეტ ეტაპს მიაღწია. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთად კიდევ მეტ წინსვლას შევძლებთ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის (François Hollande) და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ყველას აქვს წარმატების ისტორიები, თუმცა მათზე გაჩერება დაუშვებელია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები