გიორგი კვირიკაშვილი : მინდა მივმართო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უზრუნველყონ ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის

ძალადობა და ის მეთოდები, რომელიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკა შეიცვალა მნიშვნელოვნად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შეიცვალა ასევე ამომრჩევლების დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და არჩევნებისადმი.

„ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, იმ ნეგატიურმა გამოცდილებამ, რაც საქართველოში იყო 2012 წლამდე და დღეს ამომრჩეველი სხვაგვარად აფასებს ყველაფერს. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ უზრუნველყონ აბსოლუტურად ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. არ იყოს არანაირი პრეფერენციები და უზრუნველყონ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სხვანაირი ხელწერა და შეგვწევს უნარი უზრუნველვყოთ თვისობრივად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ მოვიპატიჟეთ ყველაზე მეტი დამკვირვებელი საქართველოს ისტორიაში, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პერიოდს და შეაფასონ ის ცვლილება, რომელიც დღეს არის საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, რომ ძალადობა არის მიუღებელი.

„მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და ის მეთოდები, რომელიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებს დადებითად, ამიტომ ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ყველანაირი კონფრონტაციისგან. ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით ქულებს მოუტანს ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე ინიშნება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე