გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, გთხოვოთ როგორც თქვენმა მეგობარმა, ყველამ ერთად შევქმნათ ერთიანი, ძლიერი ენერგია

მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში, თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ჩოხატაურებელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ წინაასარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრა.

“ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა, ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილებს გეგმა გააცნო, რომელიც საქართველოს ახალ სივრცით მოწყობას, ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს.

“ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე და ბუნებრივი აირი უნდა იყოს ყველგან, სადაც ეს ფიზიკურად შესაძლებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს მომავალი თაობის განათლება, რომელის გარეშეც შეუძლებელია წინსვლაზე საუბარი.

“დღეს თუ არ დავხარჯეთ რესურსი, თუ არ ჩავდეთ ინვესტიცია, რათა პედაგოგი იყოს წელში გამართული, ბავშვებმა ისწავლონ ნორმალურ სკოლებში, საბავშო ბაღებში, შეუძლებელია რაიმე მომავალზე ლაპარაკი. ამიტომ, ვაცხადებთ, რომ განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება, ინფრასტრუქტურა განახლდება და სახელმწიფო გახდება ადამიანზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტად,”-განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ 20 დღე დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა განაპირობოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში, განვითარება, თიოთოეულ ოჯახამდე მიტანა იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოში შეიქნება.

“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთო ყველაზე წარმატებული პერიოდი. ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, რადგან ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ. სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია უბრალოდ უნდა ავამუშაოთ,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაკავებული არასრულწლოვანი დროულად გათავისუფლდეს”
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: “ქართული ოცნება” გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანი ხელშეუხებელი იქნება