გიორგი კვირიკაშვილი: მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს

მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “კავკასუს ონლაინსა” და რუსულ კომპანია “ვიმპელკომს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დავოსის ფორუმის ფარგლებში “ვიმპელკომის” წარმომადგენლებს შეხვდა და “საუბარია კომპანიის მიერს საცალო სეგმენტის შესყიდვაზე და არა შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისებაზე”.

“მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და მქონდა თვითონ ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას გარკვეული სტრატეგიული ხასიათი აქვს. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ჩვენ გვყავს სხვა კომპანიებიც, მათ შორის, რუსული მონაწილეობით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. საუბარი არის ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს”, – განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატია“არ ვიცოდი “მაესტროში” რაც ხდებოდა, თორემ შესაძლოა თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისგან”