გიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი, უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი

რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებისკენ იყო მიმართული ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით თანამემამულეს, ემკურნალა უფასოდ.

„დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა.
ჩვენ ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია არის თავისუფალი და ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაც არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, თუ იქნება ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი.

„ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა”
შემდეგი სტატიალევან იზორია: ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება