გიორგი კვირიკაშვილი : ყველას აქვს წარმატების ისტორიები, თუმცა მათზე გაჩერება დაუშვებელია

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტიანი მონაწილეობის მისაბაძი მაგალითია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტნიორობის დაარსებიდან, საქართველომ, გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“ჩვენ ერთად მივაღწიეთ პარტნიორობის წარმატებას”, – მიმართა პრემიერმა დელეგატებს და საქართველოში, ღია მმართველობის პარტნიორობის ეგიდით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

“ჩვენ წამოვიწყეთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემებზე და ეროვნული არქივების ხელმისაწვდომობაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ ასევე საფუძვლიანი ცვლილებები შეიტანა საჯარო მომსახურებაში.

“შევქმენით ქონების დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. საქართველოში ჩემი დაბრუნებისთანავე, ჩვენი კაბინეტი დაამტკიცებს საქართველოს მესამე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა ჯგუფების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ღია მმართველობა – საქართველოს ფორუმს – დიალოგის პერმანენტულ მექანიზმს, რომელიც ღია მმართველობის რეფორმების განხორციელების ხელშესაწყობად თავს უყრის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს წარმატებას განაპირობებს ყველა დონეზე სახელისუფლო ძალისხმევის ერთობლივი შემოქმედებითი პროცესი და ამ ძალისხმევის ინკლუზიური ხასიათი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება მოხარულია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საზოგადოება საქართველოს ძალისხმევას აღიარებს.

“გასულ წელს, მექსიკაში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე, საქართველომ, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშესაწყობად თავდაუზოგავი შრომისთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის გამარჯვებულის ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, საქართველო, საფრანგეთთან ერთად, არჩეულ იქნა პარტნიორობის თანათავმჯდომარედ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით ასეთი დიდი ნდობისთვის, ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში”, – მიმართა პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს წარმატების ისტორიები, თუმცა მათზე გაჩერება დაუშვებელია; საჭიროა ახალი გამოწვევის დადგენა და მომდევნო 5 წელზე დაფიქრება.

“ამისთვის კი საჭიროა, მივუბრუნდეთ დასაწყისს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რატომ შეიქმნა ეს პლატფორმა – მისი მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, არცთუ ბევრმა ადამიანმა იცის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, ისინი არ იცნობენ მის საქმიანობას, მიზნებსა თუ ამოცანებს. ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმების ანალიზი ცხადყოფს, რომ წევრი მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი დაკავშირებულია თავად მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან, ასევე მონაცემთა ხელმისაწვდომობასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან. იგრძნობა სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ ის, რასაც ბევრად მეტი გავლენა აქვს ჩვენს მოქალაქეებზე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის (François Hollande) და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება მომავალშიც იყოს მთელს მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილი