გიორგი კვირიკაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული გამოძიების პროცესში ვერ და არ ჩავერევით

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში მთავრობა არ და ვერ ჩაერევა.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ შეიქმნება ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა, როცა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში არ არის მიცემული.

„რაც შეეხება დაუსჯელობის განცდას, აქ დასახელებული იქნა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიმართაც თავისუფლების აღკვეთის ზომა არ დამდგარა. როგორც სხვა პროცესებში, ასევე გამოძიების პროცესში მთავრობა არ ერევა. გამოძიების პროცესს პროკურატურა წარმართავს. ზოგიერთი საქმე სასამართლოშია და ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიმართ გამოყენებული იქნა თავისუფლების აღკვეთის ზომა. ამ პროცესში ვერ და არ ჩავერევით, პროცესს პროკურატურა წარმართავს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტრანსგენდერი ქალი ცემეს
შემდეგი სტატიაფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა