გიორგი კვირიკაშვილი: ჯონ ქერის ვიზიტი წარმატებული იყო

აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტი ხელშესახები ძალიან კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა NATO-ს ვარშავის სამიტის წინ.

“ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი და ეს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით. რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანია. ეს ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა NATO-ს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთხელ არის დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა.

შედეგები, რომელზეც მოგახსენეთ ეს არის მემორანდუმი, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ეს არის მემორანდუმი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც “Fulbright” პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას და მათ ექნებათ საშუალება, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ განათლება. USAID-ის დაფინანსებით მნიშვნელოვანი პროგრამაა – “ზრდა”, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში, 2000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე, 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგი, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას ეს შედეგი”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: ჯონ კერისთან შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო არჩევნებზე საუბარს დაეთმო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი