გიორგი კვირიკაშვილი – ჯონ კერის ვიზიტი ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება

kvirikaაშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯონ კერის საქართველოში სტუმრობა ქვეყნისთვის უდიდესი პატივია.

„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკის ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორი დღის წინ გახლდათ და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ აქ, თბილისში. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, კერის ვიზიტი, ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

„სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო უკვე არის ნატო-სთვის მნიშნველოვანი პარტნიორი
შემდეგი სტატიახელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს