გიორგი კვირიკაშვილი : ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც იერუსალიმის საკითხია, დეპუტატისგან წერილობით მომართვა მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე დეპუტატისგან საჯაროდ, წერილობით მიმართვა მისთვის მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და თემის სენსიტიურობას გაუსვა ხაზი.

“უმრავლესობის ფარგლებში წერილის მიწერა არის ჩემთვის მიუღებელი ფორმა. საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიბოდიშს ვიხდი, რომ თბილისში მოზარდების მკვლელობასთან ერთად, ოფშკვითში მომხდარ ტრაგედიაზეც არ ვისაუბრე
შემდეგი სტატიასკოლებთან პატრული იმორიგებს ,გაძლიერდება მანდატურის სამსახური-განათლების მინისტრი