გიორგი კვირიკაშვილი : იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა

„ქართული ოცნება“ შიდა პარტიული კვლევების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა იძლებული ვიყავით, კვლევები გამოგვექვეყნებინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

„საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ატარებს სოციალოგიურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე.

„ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია ერთი რამ – არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩატარდეს მშვიდობიანი, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” შიდა პარტიული კვლევების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65 პროცენტი ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ადგილს “ქართული ოცნება” მიიღებს;

41 პროცენტის აზრით კი, პრემიერის პოზიციიდან პრობლემების რეალურად მოგვარებას გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს.

ამავე კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას გამოკითხლთა 84 პროცენტი აპირებს.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი.

კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.

banner
წინა სტატიაშითბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა