გიორგი კვირიკაშვილი – გარდაუვალია, რომ ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები აუცილებლად დავსხდებით, შევრიგდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების ხსნოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

“დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს. მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს. მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც აქვს კონფიდენციალობის დაცვის უფლება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისა და ოსების.

“მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარესაც პროცესში დახმარებისთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე : ეს ყველაფერი … არჩევნების მერე !
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადებით, იგეგმება პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაცია