გიორგი კვირიკაშვილი: განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „გურიანიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილის და ოქროს მედალოსნებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაური სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს, უნდა იყოს ექსპორტზე, მინიმუმ, რეგიონულ ბაზარზე გათვლილი და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, როგორც სასწავლო გეგმები, ისე პროფესორ-მასწავლებლების მომზადება, სტუდენტისთვის შექმნილი პირობები, სახელმწიფო დახმარებები და ა.შ. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძირითადი პრინციპი, რაზეც თანხმობა არსებობს და ამ პრინციპით უნდა მოხდეს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და საშუალო განათლების რეფორმირება.

მთავრობის მეთაურმა, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური კონფრონტაციისგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს და განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია, რაც სწორია. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, განათლების სისტემა უფრო მეტად მოთხოვნაზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი. ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, ვამყოფებთ ილუზიაში, რომ ისწავლიან, დაამთავრებენ, მიიღებენ პროფესიას და აღმოჩნდება, რომ ეს პროფესია ამდენად საჭირო არ არის. ამ დროს, მეორეს მხრივ, ქვეყანაში გვაქვს რაღაც პროფესიებზე გამოკვეთილი მოთხოვნა და ისინი არ ისწავლება, რადგან ეს არ არის ახალგაზრდებში პოპულარული. ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ საკმარისად არ ვეუბნებით ახალგაზრდებს, რომ დასაქმების შანსი გაცილებით მაღალი იქნება, თუ ისწავლიან, მაგალითად, სამოქალაქო ინჟინერიას, ვიდრე, თუ ისწავლიან, მაგალითად, იურისპრუდენციას. თუმცა, არის პროფესიები, რომლებიც არც ერთ ბაზრის კვლევაში არ გამოიხატება – ჰუმანიტარული მიმართულებები, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ა.შ რომლებიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ერს სჭირდება ინტელექტუალური საზრდო და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. ასეთი ნაზავი სტრატეგიით ვფიქრობთ, წავიდეთ წინ და მინიმუმ ის გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ საკუთარი სტიპენდიით არ წაახალისოს ის პროფესიები, სადაც დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები უმუშევრები დარჩებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ემპირიულად ჩანს საჭიროება, რომ სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება და სწორედ ამას ემყარება გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელი, როდესაც ადამიანები სწავლობენ და მუშაობენ ერთად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპს ეფუძნება პროფესიული განათლების მოდელი, რომლის შექმნაც მთავრობას სურს და ეს პროცესი დაწყებულია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამავდროულად, არსებობს გარკვეულად ჩაკეტილი სისტემები, სადაც ნაცნობები, მეგობრები ნათესავები ერთმანეთს რეფერატებს უწერენ – ერთი ნაშრომს დაწერს, მეორე კი ოპონენტია.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემების გახსნა იყო სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნა ბოლო პერიოდის ცნობილი პროტესტის დროს და ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი კონკურენცია იქნება, უფრო საღი იქნება მეცნიერებაც, უმაღლესი განათლების სისტემაც და ა.შ. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედაგოგებისადმი პატივისცემის აუცილებლობას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი“, – განაცხადა პრემიერმა

banner
წინა სტატიაში“13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩემი უფროსი შვილები ყოველ დილით ნიჩბებით გადიოდნენ და ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ”
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა, ეცადოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს