გიორგი კვირიკაშვილი : ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საკითხზე „კონფლიქტი საქართველოში“, ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურებაა

ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება საკითხზე – „კონფლიქტი საქართველოში“ არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება, რაც მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მდგომარეობა, 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება, როგორც ევროსაბჭოს, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის.

„ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, იურიდიულად მოქმედი არ არის და სამართლებრივი შედეგი არ აქვს. ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე, ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს და მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე. ევროპის საბჭოს, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია მისი შემდგომ ეფექტური განხორციელებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს