გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან დიდი საფრთხე იქნა აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი, გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას – ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად, დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე – საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

banner
წინა სტატიაშირიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ჩინეთის დროშა არაკორექტულად გამოფინეს
შემდეგი სტატია“ჩვენ შეიძლება, არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობას, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას”