გიორგი კვირიკაშვილი: დიდი სურვილი მაქვს, რომ საშინელი კადრების დე ჟავუ საზოგადოებამ მუდმივად აღარ იხილოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოქმედმა მთავრობამ ვერ მიაღწია იმას, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი დანაშაულები ერთხელ მაინც აღიარონ.

ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა და ე.წ. ციხის კადრები გაიხსენა.

„კარგად გვახსოვს პოლიციასთან მისული თავგატეხილი ადამიანების კადრები. ასევე, მაღაზიის თავზე შეგდებული გვამების, მოწამლული ადამანების, მათ შორის, ის ციხის წამების ის კადრები, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ სამწუხაროდ და ა.შ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს ისტორიას და მართლაც საშინელი კადრების დე ჟავუ საზოგადოებამ მუდმივად აღარ იხილოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა საფუძველს მოკლებულია.

„ჩვენ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენმა ოპონენტებმა თუნდაც ერთხელ მაინც სერიოზულად, გულწრფელად აღიარონ ის უდიდესი დანაშაულები და შეცდომები, რომლებიც მათ დაუშვეს. სამწუხაროდ, გვაქვს კიდევ მათი მხრიდან კრიტიკა, რაც საფუძველს არის მოკლებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვალენი ვართ, მაქსიმალურად ვეძებოთ ის მეასედი პროცენტიც კი, რომელიც შესაძლებელია, რაიმე სახის თანამშრომლობის იყოს“, – განმარტა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შეთავაზებების შედეგად, ქვეყანაში არსებული ატმოსფერო შეიცვლება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეთავაზებების შედეგად, თუნდაც ის ატმოსფერო, რომელიც ქვეყანაშია, რამენაირად შეიცვლება, რადგან ამ ატმოსფეროში, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, რაიმე სახის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია. ძალიან რთულია ვილაპარაკოთ ეკონომიკურ განვითარებაზე იმ აურაში, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან მაინც უნდა შევეცადოთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია, ის ძალიან მძიმე ატმოსფერო, რომელიც საზოგადოებაშია, რამენაირად განვმუხტოთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მთავარი ღირებულება მორალია, თუმცა დემოკრატიაც მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს