გიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი თაობის, ხელისუფლების მთავარი მისია ქვეყნის გამთლიანება გახლავთ, ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები – „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა.

პრემიერის თქმით, საქართველო ხვალ ზეიმობს უდიდეს დღესასწაულს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება.

გიორგი კვირიკაშვილმა მთელ საქართველოს წინასწარ მიულოცა აღნიშნული დღე.

„ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას მთელს ჩვენს ქვეყანას ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად, ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგივნებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ ეს ყველას, რა თქმა უნდა, გვჯერა და გვწამს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო აღნიშნულ დღესასწაულს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს.

„ჩვენ ამ თარიღს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, საქართველოს საელჩოების მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღეს საქართველოს ეწვევა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ასევე თბილისს ესტუმრება ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი.

„უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში. ასევე, ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა საქართველოს და ათობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომელთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ დღესასწაულთან და შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოშვებულია საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაცია გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა.

„უნდა ითქვას, რომ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებულია საფოსტო მარკა. მისი პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა ორი დღის წინ, გაერო-ს სათაო ოფისში, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ერთდროულად ექვს ადგილზე – თბილისი, შინდისი, ვარძია, ბათუმი, გელათი, კოჯორი. აღნიშნული წერტილებიდან დაგეგმილია პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელლვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლი, ევროპაში საქართველო მიჩნევა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს.

ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ჩასატარებელი სამუშაო და უმთავრესი ჩვენი საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ქართულში სახელწოდება ლიეტუვას დამკვიდრება დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტისთვის დადებითი ფონის შემქმნელი ნაბიჯია
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს განცხადება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი