გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ შეცდომების აღიარება და რეალობისათვის თვალის გასწორება არ გაგვჭირვებია

იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ – არა. თუმცა ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე ყრილობაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს პარტიის დაარსებიდან ოთხი წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი სირთულე დაძლია.

„რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით აგვერიდებინა ქვეყნისათვის მთავარი საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნება და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ – არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკან მოიტოვა ძალიან ბევრი სირთულე, დღეს კი ახალი გეგმებითა და ამოცანებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას. „ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას, პირველ რიგში, იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ აქეთ მივდივართ. პირველ რიგში, ეს აუცილებლად გულისხმობს მკაცრ პარტიულ დისციპლინას და თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. პარტიის ერთიანი ხედვა ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს არის პარტიის სიმტკიცის გარანტია, მით უმეტეს, როცა მას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და გვაქვს ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგინა