გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი. არ მინდა, გამოვყო არავინ, რადგან ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა მთელი საქართველო თითოეული თქვენგანის ასპარეზობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებთან შეხვედრისას განცხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ალბათ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის. მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით. ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი. არ მინდა, გამოვყო არავინ, რადგან ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა მთელი საქართველო თითოეული თქვენგანის ასპარეზობას. ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება“,- მიმართა პრემიერმა ოლიმპიელებს.

პრემიერმა ოლიმპიელების წარმატება მიულოცა მათი ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, მეგობრებს.

„თქვენი წარმატება უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით, დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ – სხვა პარამეტრებით. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან – მერვეზე, ხან უფრო ქვევით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, პატრიოტული გუნდი. თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ, მთელ საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე წარმატებები უსურვა პარალიმპელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ.

“დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი შემართებით მთელი საქართველო თქვენც გიგულშემატკივრებთ. გილოცავთ, გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. უამრავი მადლობა ყველა ჩვენგანისგან თითოეულ თქვენგანს”, – მიმართა პრემიერმა ქართველ ოლიმპიელებს.

„მადლობა ოლიმპიელებს“ – ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

პრემიერმა ოლიმპიელებთან სამახსოვრო სურათი გადაიღო და სპეციალურ სტენდზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა.

banner
წინა სტატიაში8 ოქტომბერს შეიძლება, თბილისის მერის არჩევნებიც ჩატარდეს?
შემდეგი სტატია(+ვიდეო)კორკოტაშვილი: გამოვა ვიღაც ნატა შმატა და მიასხამს ტალახს,მერია არჩეული და პატივი ვცეთ